Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ხანდახან, ფიქრები რომ შემოგაწვება, გონებაში მოთხრობებსაც დაწერ, რომლებსაც ვერასდროს გადაიტან ფურცელზე. მოთხრობები შენს შიგნით იცოცხლებენ, შეიცვლიან შინაარსს და გადასხვაფერდებიან. სადღაც, რომელიღაც კუნჭულში, ის ყველაფერი იმალება, ჩვენ რომ სიცარიელეს ვეძახით.

გამოფხიზლება რომ შეგვეძლოს, დავინახავდით როგორ იკარგებიან სიზმრებში ჩვენი ნაწილები, მერე იქნებ დაბრუნებაც გვეცადა. თუმცა, შეიძლება აღარც კი მიგვეღო ჩვენგან გაქცეული და დავიწყებული თავები, რომლებიც დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას. დროდადრო გამხმარ ხეებს ვემსგავსებით და ველოდებით როდის დაგვისხამენ წყალს, ან სულაც მოგვჭრიან.

სიცარიელე მაშინ ჩნდება, როდესაც საყვარელი მუსიკის მოსმენისას, ყურებში მხოლოდ ფიქრები ჩაგესმის და შეგრძნებების უნარს კარგავ. ასეთ დროს, ზამთარში თოკზე გაკიდებულ სარეცხს გავხარ, რომლის ჩამოხსნაც დაეზარათ, რადგან სიცივეში გარეთ გასვლა არავინ ინება. ასე ვებღაუჭებით უხილავ იმედებს და შეიძლება ქარმაც წაგვიღოს.

ხანდახან, ფიქრები რომ შემოგაწვება, გონებაში იმ მოთხრობებს დაწერ, რომლებსაც არასდროს დაწერდი.

 

 

Advertisements

Capture

თურმე, ჩემი ბლოგი 5 წლის გამხდარა. თითქმის სიცარიელეა და აქაურობამაც მოიწყინა. იშვიათად თუ შემოვიჭყიტები და უთქმელადვე გავდივარ. ძველი ნაწერები კი Draft- ში იმალებიან.

სულ მინდა აქაურობის გამოცოცხლება, ცარიელი ოთახის მოწყობა და გემრიელად წამოკოტრიალება, მაგრამ ვერ დავადგი საშველი. ასე რომ, დროა ცოტა ხნით მაინც მოვიცალო და უფრო ხშირად ვწერო, სანამ WordPress-ს უმოქმედობის გამო გავუძევებივარ.

გაზაფხული

tumblr_mkiu8kzakz1s8h13fo1_500

ისეთი დღეებია, გაზაფხულის მოსვლას, სიხარულის მაგივრად რომ მოწყენილობა მოაქვს. ისეთი, ჯერ კიდევ ნახევრად გაღვიძებული ყვავილების ჩვეულ სურნელებას რომ ვერ შეიგრძნობ და გამოსაზამთრებელი ბუნაგიდან გამოსვლა გეზარება.

მარტიც ჩვენი განწყობებივით იცვლება, დროდადრო გვახსენებს/გვავიწყებს გაზაფხულის მოსვლას და ჩვენც ისევ ძველ ბუნაგებში ვიმალებით, შეშინებულები. ხდება ხოლმე, რომ აცდებიან სივრცეებში ადამიანები და გაზაფხულები და რუხ, უსეზონო სამყაროში ვიკარგებით უსასრულობით, მერე კი გამოფხიზლება გვეზარება.

ყველასთან სხვადასხვანაირად ჩნდება გაზაფხული. ზოგთან ახალი შეგრძნებები მოაქვს, ზოგთან კი ძველი იფეთქებს ხოლმე. ვინ იცის, ყველა თავისებურად გრძნობს მის სურნელს. მე კი, ჯერ კიდევ გამოზამთრებას ველოდები.

tumblr_mczkp36ho21rqimibo1_500რომ მკითხოთ, ბოლოს როდის მეღვიძა, ვერ გიპასუხებთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ძილი ჩემთვის იშვიათ ფუფუნებად იქცა. ნაჭუჭში ცხოვრებას ჰგავს, ცდილობ ჰაერი ჩაისუნთქო, მაგრამ ლორწოვან გარსში ხარ გახვეული. დღეები უმოქმედობაში იწურება, ნელ-ნელა საკუთარი თავის ნაწილებს კარგავ და გონებაში ცხოვრებას იწყებ, რადგან სხეული აღარ გემორჩილება.

მუდმივი უძილობის შეგრძნება იმ დროს შთანთქავს, სადაც შენი ადგილი უნდა ყოფილიყო. უკან ვეღარ დაბრუნდები, მაგრამ არც წინ წასვლა შეგიძლია. უუნარობის შეგრძნება ნელ-ნელა გიპყრობს და გონებას გიბინდავს, თითქოს ისეთი სიმძიმის აწევას ცდილობ, რომელსაც ვერასდროს მოერევი.

როდესაც განთიადს ამოღამებული თვალებით ხვდები, დღის შუქს შიში მოაქვს – მთელი დღე დაკარგულია. მიუხედავად ამისა, მაინც ფიქრობ რომ მოქმედება შეგიძლია. სიცოცხლე მხოლოდ არსებობისთვის სიკვდილის ტოლფასია.

9191242ალბათ ყველა ბავშვი ოცნებობს გაზრდაზე, დიდობაზე. მეც მინდოდა დიდი ვყოფილიყავი, სხვებივით. მეგონა 18 წლის რომ გავხდებოდი, დამოუკიდებელი ვიქნებოდი და უამრავ რამეს შევძლებდი, მაგრამ ყოველი წლის მატებისას იზრდებოდა ჩემში დიდობის შიში. ახლაც ასეა, ვერ ვიგებ როგორ გადის დრო, როგორ მემატება წლები და უხერხულობის შეგრძნება მიპყრობს.

ხო, 22 წელი სულაც არ არის ბევრი. ვინ იცის, წინ კიდევ რამდენია. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ წლების თითქმის ნახევარი მეღვიძა და დროის გამოყენება ვერ ვისწავლე (წუწუნი კარგი თავშესაქცევია უმოქმედობისთვის). ბევრი რამ მოხდა, ძველი კადრები დაფრინავენ და არ ვიცი, რომელს მოვეჭიდო, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია, რომელიც ვიცი რომ არასდროს უნდა გავუშვა.

ნახევარი საათი დარჩა 22 წლამდე. დროა, რომ მართლა გავიზარდო და აღარ მეშინოდეს.

მარგარეტ ეტვუდი, ყველაზე ცნობილი კანადელი მწერალი, პოეტი და ესეისტი დაიბადა 1939 წელს, კანადის დედაქალაქ ოტავაში. მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. მხევლის წიგნის წერა 1984 წელს დაიწყო, როდესაც დასავლეთ ბერლინში ცხოვრობდა, რომელიც ჯერ კიდევ ბერლინის კედლით იყო შემოსაზღვრული. წიგნს თავიდან სხვა სახელი დაარქვა – „ოფრედი“ – მაგრამ როგორც თავის დღიურში წერს, სათაური მაშინ შეუცვალა, როდესაც უკვე 150 გვერდზე მეტი ჰქონდა დაწერილი.

მას შემდეგ, რაც 1985 წელს მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი გამოვიდა, წიგნის დამატებითი ტირაჟებით გამოცემა არ შეწყვეტილა. გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარი და ითარგმნა უამრავ ენაზე. ეს წიგნი ერთგვარ ‘თეგად’ იქცა მათთვის, ვინც წერს ისეთი პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ქალების კონტროლს, განსაკუთრებით კი კონტროლს ქალის სხეულსა და მის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. წიგნი აიკრძალა სკოლებში და საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მასში აღწერილმა მოვლენებმა.

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა. ეკრძალებათ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. სამყარო, სადაც ქალები დაყოფილები არიან კასტებად და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ. ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება.

Folio_Society_Handmaids_Tale

მხევლის წიგნს ხშირად „ფემინისტურ დისტოპიად“ მიიჩნევენ, თუმცა ეს არ არის ზუსტი და სწორი ტერმინი. წმინდა და მარტივ ფემინისტურ დისტოპიაში ყველა კაცს ექნებოდა, ყველა დანარჩენ ქალზე მეტი უფლება. იარსებებდა ორშრიანი სტუქტურა, სადაც მაღალ ფენას კაცები, ხოლო დაბალ ფენას ქალები წარმოადგენენ, მაგრამ ამ წიგნში აღწერილია დიქტატურის უჩვეულო მოდელი, მას პირამიდის ფორმა აქვს, ორივე სქესის ადამიანები ინაწილებენ ძალაუფლებას პირამიდის მწვერვალზე, შემდეგ კი სტატუსი და ძალაუფლება კლებულობს. პირამიდის ბოლოში არიან უცოლო კაცები, რომლებიც ვალდებულნი არიან ემსახურონ სხვებს, სანამ მათ ცოლებით არ დააჯილდოვებენ. ტოტალიტარული/ თეოკრატიული სისტემა  მკაცრად უსწორდება ყველას, ვინც წესების დარღვევას შეეცდება.

მხევლები ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენენ, ისინი ფასდებიან მათი რეპროდუქციული უნარის მიხედვით. მხევალი ქალის ფლობის უფლება მხოლოდ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებს აქვთ. ისინი მეთაურს თვეში ერთხელ უნდა ეახლონ და ზუსტად 9 თვეში ჯანმრთელი შვილი აჩუქონ. სხვა შემთხვევაში ისინი უსარგებლო ნივთებად მიიჩნევიან. ვიზიტებს შორის, მხოლოდ საყიდლებზე სიარული შეუძლიათ, მაგრამ მდუმარედ და მოგონებების გარეშე. „ახალ ღმერთს“ არ სურს რომ მათ წარსულზე იფიქრონ, შვილები, ქმრები ან მეგობრები გაიხსენონ. ისტორიას ერთ-ერთი მხევალი მოგვითხრობს, ის მეთაურის საკუთრებაა და ერთადერთია, რომელიც თავისუფლების მოპოვებისთვის იბრძვის.

“როდესაც მეკითხებიან შესაძლოა თუ არა ყველაფერი ისე ახდეს, როგორც წიგნშია აღწერილი, მე საკუთარ თავსაც წიგნში აღწერილ ორგვარ მომავალს ვახსენებ, რომელთაგანაც თუ ერთი ასრულდება, მეორეც შესაძლოა ახდეს” – მარგარეტ ეტვუდი.

1990 წელს გადაღებული ეკრანიზაცია

წინასაახალწლოდ

tumblr_nzkmnoz0gf1u7gnm9o1_500

29 დეკემბერია, ის დროა, სახლში რომ წინასაახალწლო ფუსფუსი იწყება. მე კი თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ვცდილობ, ის საახალწლო განწყობა დავიბრუნო, რომელიც წლების წინ, ბავშვობაში დარჩა, ან მე თვითონ დავტოვე.

დრო გადის, ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები იცვლება. ის პატარა გოგონაც გაქრა, 12 საათზე კართან ატუზული, მოულოდნელ საჩუქრებს რომ ელოდებოდა არარსებული თოვლის პაპისგან, მაგრამ ჩემთვის ეს მითიც მალევე დაინგრა. ერთ დღესაც დავინახე, როგორ დააწყვეს დედამ და მამამ საჩუქრები კართან და ჩუმად გაიპარნენ, თუმცა გული არ დამწყვეტია. ამ ტყუილს, ჩემ მშობლებთან ერთად, რამდენიმე წელი ვინახავდი. არ მინდოდა ჩემ ძმასაც გაეგო. სინამდვილეში, თოვლის პაპის არსებობა/არარსებობა არაფერს ცვლის, მაგრამ იმ დროს, როდესაც ვოცნებობდი, რაღაცები ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.

და მაინც, ვცდილობ ყველგან ვეძებო ის შეგრძნებები, ახალი წლის დადგომამდე რომ მაფორიაქებდა და მახალისებდა. იმ ადამიანებზეც მეფიქრება, ახალ წელთან შეხვედრა ქუჩაში რომ უწევთ და მათთვის ამ ერთი დღით არაფერი იცვლება.

არის პერიოდები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრდება, მიუხედავად მისი ავკარგიანობისა. 2015 წელს ბევრი რამ შეიცვალა, საბოლოო ჯამში, უმეტესობა კარგისკენ და შემიძლია ვთქვა, რომ არც ისე ცუდი წელი იყო/არის, მაგრამ უკეთესი ყოველთვის კარგია. იმედი მაქვს, 2016 წელი ბევრად პოზიტიური და კარგი დღეებით დატვირთული იქნება.

 

ბარათი ბათუმში

#ახალიწიგნებიმაისში

დო'ს ბლოგი

1968 წელი ნაკიანი წელიწადია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს...

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ცივი ოქტომბერი

გათოშილი ხელები, ფოთლების სუნი და ლიმონიანი ჩაი

მოზაიკა /Mosaic

გორის სათემო რადიო

რეპორტიორის დღიური

ერთი თვე, შესაძლოა, 30-31 დღეზე მეტი იყოს.

კატოს ბლოგი

კი, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი"-ს პირადი სივრცეა აქ :)

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

BIAFF Film Festival

BIAFF, films, Cinema, Film Festival, Batumi, Georgia

ნაძვი

...და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა. ეს არის სახლი. ეს ბედნიერებაა...

ხალხის გაზეთი

ხალხის გაზეთი ხალხის სამსახურში

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles... Even If She Feels Down...