Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ყველაფერი არაფერში’ Category

ხანდახან, ფიქრები რომ შემოგაწვება, გონებაში მოთხრობებსაც დაწერ, რომლებსაც ვერასდროს გადაიტან ფურცელზე. მოთხრობები შენს შიგნით იცოცხლებენ, შეიცვლიან შინაარსს და გადასხვაფერდებიან. სადღაც, რომელიღაც კუნჭულში, ის ყველაფერი იმალება, ჩვენ რომ სიცარიელეს ვეძახით.

გამოფხიზლება რომ შეგვეძლოს, დავინახავდით როგორ იკარგებიან სიზმრებში ჩვენი ნაწილები, მერე იქნებ დაბრუნებაც გვეცადა. თუმცა, შეიძლება აღარც კი მიგვეღო ჩვენგან გაქცეული და დავიწყებული თავები, რომლებიც დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას. დროდადრო გამხმარ ხეებს ვემსგავსებით და ველოდებით როდის დაგვისხამენ წყალს, ან სულაც მოგვჭრიან.

სიცარიელე მაშინ ჩნდება, როდესაც საყვარელი მუსიკის მოსმენისას, ყურებში მხოლოდ ფიქრები ჩაგესმის და შეგრძნებების უნარს კარგავ. ასეთ დროს, ზამთარში თოკზე გაკიდებულ სარეცხს გავხარ, რომლის ჩამოხსნაც დაეზარათ, რადგან სიცივეში გარეთ გასვლა არავინ ინება. ასე ვებღაუჭებით უხილავ იმედებს და შეიძლება ქარმაც წაგვიღოს.

ხანდახან, ფიქრები რომ შემოგაწვება, გონებაში იმ მოთხრობებს დაწერ, რომლებსაც არასდროს დაწერდი.

 

 

Read Full Post »

Capture

თურმე, ჩემი ბლოგი 5 წლის გამხდარა. თითქმის სიცარიელეა და აქაურობამაც მოიწყინა. იშვიათად თუ შემოვიჭყიტები და უთქმელადვე გავდივარ. ძველი ნაწერები კი Draft- ში იმალებიან.

სულ მინდა აქაურობის გამოცოცხლება, ცარიელი ოთახის მოწყობა და გემრიელად წამოკოტრიალება, მაგრამ ვერ დავადგი საშველი. ასე რომ, დროა ცოტა ხნით მაინც მოვიცალო და უფრო ხშირად ვწერო, სანამ WordPress-ს უმოქმედობის გამო გავუძევებივარ.

Read Full Post »

tumblr_mkiu8kzakz1s8h13fo1_500

ისეთი დღეებია, გაზაფხულის მოსვლას, სიხარულის მაგივრად რომ მოწყენილობა მოაქვს. ისეთი, ჯერ კიდევ ნახევრად გაღვიძებული ყვავილების ჩვეულ სურნელებას რომ ვერ შეიგრძნობ და გამოსაზამთრებელი ბუნაგიდან გამოსვლა გეზარება.

მარტიც ჩვენი განწყობებივით იცვლება, დროდადრო გვახსენებს/გვავიწყებს გაზაფხულის მოსვლას და ჩვენც ისევ ძველ ბუნაგებში ვიმალებით, შეშინებულები. ხდება ხოლმე, რომ აცდებიან სივრცეებში ადამიანები და გაზაფხულები და რუხ, უსეზონო სამყაროში ვიკარგებით უსასრულობით, მერე კი გამოფხიზლება გვეზარება.

ყველასთან სხვადასხვანაირად ჩნდება გაზაფხული. ზოგთან ახალი შეგრძნებები მოაქვს, ზოგთან კი ძველი იფეთქებს ხოლმე. ვინ იცის, ყველა თავისებურად გრძნობს მის სურნელს. მე კი, ჯერ კიდევ გამოზამთრებას ველოდები.

Read Full Post »

tumblr_mczkp36ho21rqimibo1_500რომ მკითხოთ, ბოლოს როდის მეღვიძა, ვერ გიპასუხებთ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ძილი ჩემთვის იშვიათ ფუფუნებად იქცა. ნაჭუჭში ცხოვრებას ჰგავს, ცდილობ ჰაერი ჩაისუნთქო, მაგრამ ლორწოვან გარსში ხარ გახვეული. დღეები უმოქმედობაში იწურება, ნელ-ნელა საკუთარი თავის ნაწილებს კარგავ და გონებაში ცხოვრებას იწყებ, რადგან სხეული აღარ გემორჩილება.

მუდმივი უძილობის შეგრძნება იმ დროს შთანთქავს, სადაც შენი ადგილი უნდა ყოფილიყო. უკან ვეღარ დაბრუნდები, მაგრამ არც წინ წასვლა შეგიძლია. უუნარობის შეგრძნება ნელ-ნელა გიპყრობს და გონებას გიბინდავს, თითქოს ისეთი სიმძიმის აწევას ცდილობ, რომელსაც ვერასდროს მოერევი.

როდესაც განთიადს ამოღამებული თვალებით ხვდები, დღის შუქს შიში მოაქვს – მთელი დღე დაკარგულია. მიუხედავად ამისა, მაინც ფიქრობ რომ მოქმედება შეგიძლია. სიცოცხლე მხოლოდ არსებობისთვის სიკვდილის ტოლფასია.

Read Full Post »

9191242ალბათ ყველა ბავშვი ოცნებობს გაზრდაზე, დიდობაზე. მეც მინდოდა დიდი ვყოფილიყავი, სხვებივით. მეგონა 18 წლის რომ გავხდებოდი, დამოუკიდებელი ვიქნებოდი და უამრავ რამეს შევძლებდი, მაგრამ ყოველი წლის მატებისას იზრდებოდა ჩემში დიდობის შიში. ახლაც ასეა, ვერ ვიგებ როგორ გადის დრო, როგორ მემატება წლები და უხერხულობის შეგრძნება მიპყრობს.

ხო, 22 წელი სულაც არ არის ბევრი. ვინ იცის, წინ კიდევ რამდენია. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ წლების თითქმის ნახევარი მეღვიძა და დროის გამოყენება ვერ ვისწავლე (წუწუნი კარგი თავშესაქცევია უმოქმედობისთვის). ბევრი რამ მოხდა, ძველი კადრები დაფრინავენ და არ ვიცი, რომელს მოვეჭიდო, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია, რომელიც ვიცი რომ არასდროს უნდა გავუშვა.

ნახევარი საათი დარჩა 22 წლამდე. დროა, რომ მართლა გავიზარდო და აღარ მეშინოდეს.

Read Full Post »

tumblr_nzkmnoz0gf1u7gnm9o1_500

29 დეკემბერია, ის დროა, სახლში რომ წინასაახალწლო ფუსფუსი იწყება. მე კი თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ვცდილობ, ის საახალწლო განწყობა დავიბრუნო, რომელიც წლების წინ, ბავშვობაში დარჩა, ან მე თვითონ დავტოვე.

დრო გადის, ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები იცვლება. ის პატარა გოგონაც გაქრა, 12 საათზე კართან ატუზული, მოულოდნელ საჩუქრებს რომ ელოდებოდა არარსებული თოვლის პაპისგან, მაგრამ ჩემთვის ეს მითიც მალევე დაინგრა. ერთ დღესაც დავინახე, როგორ დააწყვეს დედამ და მამამ საჩუქრები კართან და ჩუმად გაიპარნენ, თუმცა გული არ დამწყვეტია. ამ ტყუილს, ჩემ მშობლებთან ერთად, რამდენიმე წელი ვინახავდი. არ მინდოდა ჩემ ძმასაც გაეგო. სინამდვილეში, თოვლის პაპის არსებობა/არარსებობა არაფერს ცვლის, მაგრამ იმ დროს, როდესაც ვოცნებობდი, რაღაცები ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.

და მაინც, ვცდილობ ყველგან ვეძებო ის შეგრძნებები, ახალი წლის დადგომამდე რომ მაფორიაქებდა და მახალისებდა. იმ ადამიანებზეც მეფიქრება, ახალ წელთან შეხვედრა ქუჩაში რომ უწევთ და მათთვის ამ ერთი დღით არაფერი იცვლება.

არის პერიოდები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრდება, მიუხედავად მისი ავკარგიანობისა. 2015 წელს ბევრი რამ შეიცვალა, საბოლოო ჯამში, უმეტესობა კარგისკენ და შემიძლია ვთქვა, რომ არც ისე ცუდი წელი იყო/არის, მაგრამ უკეთესი ყოველთვის კარგია. იმედი მაქვს, 2016 წელი ბევრად პოზიტიური და კარგი დღეებით დატვირთული იქნება.

 

Read Full Post »

image-03-akiko-her

სპაიკ ჯოუნზის 2013 წლის ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ვითარდება, რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა რეჟისორი და სცენარის ავტორი სპაიკ ჯოუნზი, რომელმაც, როგორც სცენარისტმა,ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო.

ფილმის მთავარი გმირი – თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოლაპარაკე ოპერატიულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს.

სისტემა, რომელიც საკუთარ თავს სამანტას ეძახის, ინტროვერტ მფლობელს მალევე უყვარდება და ისინი იწყებენ ურთიერთობას.

“Her” ერთდროულად საინტერესო სოციალური კომენტარისა და საკმაოდ სევდიანი მელოდრამის მიქსია. იგი ეხება თანამედროვეობაში გახუნებულ ადამიანურ ურთიერთობებს და ნოსტალგიას ძველ, უფრო მარტივ დროზე.

ტექნოლოგია და მისი გავლენა სოციალურ კონტაქტზე ახალი თემა არ არის. შესაბამისად, ჯონზიც არ ცდილობს ველოსიპედის გამოგონებას, იგი ამ ტენდენციის მინუსებსა და პლიუსებსაც გვიჩვენებს – იმ მინუსებს და პლიუსებს, რომლებზეც უკვე ისედაც წლებია ვსაუბრობთ.

თუმცა, “მისი” არ არის ბანალური დოკუმენტური ფილმი Facebook-ით შეშფოთებული ძველი თაობის ფსიქოლოგებისა და სოციალური მედიის ექსპერტებზე.
ვფიქრობ, ეს ფილმი დაგარწმუნებთ, რომ რეალური ცხოვრება არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სოციალურ სივრცეში.

Read Full Post »

Older Posts »

ბარათი ბათუმში

#ახალიწიგნებიმაისში

დო'ს ბლოგი

1968 წელი ნაკიანი წელიწადია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს...

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ცივი ოქტომბერი

გათოშილი ხელები, ფოთლების სუნი და ლიმონიანი ჩაი

მოზაიკა /Mosaic

გორის სათემო რადიო

გვანცას კუთხე

ყველა ადამიანს თავისი კუთხე უნდა ჰქონდეს, დროდადრო სუნთქვა რომ შეიმსუბუქოს.

კატოს ბლოგი

კი, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი"-ს პირადი სივრცეა აქ :)

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

BIAFF Film Festival

BIAFF, films, Cinema, Film Festival, Batumi, Georgia

ნაძვი

...და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა. ეს არის სახლი. ეს ბედნიერებაა...

ხალხის გაზეთი

ხალხის გაზეთი ხალხის სამსახურში

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles... Even If She Feels Down...