Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

„ოჰ ეს წიგნიერი ენა, საკუთარ არარაობაშიც ლამაზად მსურს მეტყველება“

a_hennig_carlson_hunger_sult_hunger-21

არსებობს წიგნები, რომლის თითოეული აბზაცის წაკითხვისას, იძულებული ხდები დრო წამიერად გააჩერო, ყველა წაკითხულ წინადადებაზე დაფიქრდე და საკუთარ თავს კითხვები დაუსვა. პასუხებს კი, საკუთარ თავში თუ არა, წიგნში აუცილებლად იპოვნი.

„შიმშილი“ კნუტ ჰამსუნის პირველი ნაწარმოებია, რომელიც 1890 წელს გამოიცა და ავტორს მაშინვე მოუტანა აღიარება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას ახდენს, რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს რომანი ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა, როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით. ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი და საოცრად მგრძნობიარე ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა.

რომანი პირველ პირშია დაწერილი და შესაძლებელია, ეგზისტენციალური ჟანრის საწყის ეტაპებსაც მივაკუთვნოთ. მოქმედება იმ პერიოდის ქალაქ ქრისტიანიაში მიმდინარეობს, რომელიც დღეს ნორვეგიის დედაქალაქია და ოსლო ეწოდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა მწერალია, რომელიც თავს სტატიების წერით ირჩენს და მისი ყოველდღიური ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს რომანი ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ გავლენით არის დაწერილი, ზოკი კი პლაგიატობად მიიჩნევს. ამას ემატება ისიც, რომ კნუტ ჰამსუნი არასოდეს მალავდა ამ დიდი მწერლის მიმართ აღფრთოვანებას, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ, ეს მსგავსება მხოლოდ დებიუტში შეინიშნება, მაგრამ ამ ეპიზოდის შემდეგ, რომანი აბსოლუტურად სხვაგვარად ვითარდება და არანაირი კავშირი არ აქვს სხვა ნაწარმოებებთან.

maxresdefault
წიგნის მძაფრი სახელწოდების მიუხედავად, ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები რთული წასაკითხია. მთლიანი რომანის განმავლობაში, ავტორი მთავარი გმირის შიმშილს და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას მოგვითხრობს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოდ და დინამიურადაა აღწერილი, რომ რომანი საოცრად აზარტულია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მთავარი გმირი ყოველდღიურ სტრესშია, მის მთავარ საზრუნავს მხოლოდ ლუკმა-პურის ძიება წარმოადგენს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, ხან წარმატებული სტატიის და ხანაც შემთხვევითობების წყალობით, მაინც ახერხებს სიკვდილისგან თავის დაღწევას.

ნაწარმოებში მრავლადაა მორალისტურ-ეთიკური პათოსი, როდესაც შიმშილისგან გატანჯული მთავარი გმირი, წვალებით შეგროვებულ გროშებს სხვებს აძლევს და თვითონ ისევ მშიერი რჩება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასიყვარულო პასაჟები, რომანში აღწერილია ერთი ნახვით შეყვარება. სიყვარულის განვითარება მეტად უცნაურად მიმდინარეობს  და დასასრულიც საკმაოდ არაორდინალური აქვს. მთავარი გმირის სახელი კი რომანის ერთ-ერთი საინტერესო სინდრომია, მისი ვინაობა დასასრულშიც კი უცნობია და მკითხველის გამოცანად რჩება.

არსებობს რეალური წარსული და თითქმის მოგონილი წარსული, ისევე, როგორც არსებობს რეალური მომავალი და გამოგონილი მომავალი, რომელიც ისე გახდება წარსული, რომ აწმყოდ არასოდეს იქცევა. კითხვის პროცესში, აბზაცებში და სტრიქონებს შორისაც, აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს ცნობიერ, თუ არაცნობიერ სამყაროს, რომელიც სადღაც გადამალეთ.

„მშვენიერია უბრალოდ ცოცხლად ყოფნაც კი“

ეს კი ნაწარმოების ძალიან კარგი ეკრანიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

image-03-akiko-her

სპაიკ ჯოუნზის 2013 წლის ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ვითარდება, რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა რეჟისორი და სცენარის ავტორი სპაიკ ჯოუნზი, რომელმაც, როგორც სცენარისტმა,ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო.

ფილმის მთავარი გმირი – თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოლაპარაკე ოპერატიულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს.

სისტემა, რომელიც საკუთარ თავს სამანტას ეძახის, ინტროვერტ მფლობელს მალევე უყვარდება და ისინი იწყებენ ურთიერთობას.

“Her” ერთდროულად საინტერესო სოციალური კომენტარისა და საკმაოდ სევდიანი მელოდრამის მიქსია. იგი ეხება თანამედროვეობაში გახუნებულ ადამიანურ ურთიერთობებს და ნოსტალგიას ძველ, უფრო მარტივ დროზე.

ტექნოლოგია და მისი გავლენა სოციალურ კონტაქტზე ახალი თემა არ არის. შესაბამისად, ჯონზიც არ ცდილობს ველოსიპედის გამოგონებას, იგი ამ ტენდენციის მინუსებსა და პლიუსებსაც გვიჩვენებს – იმ მინუსებს და პლიუსებს, რომლებზეც უკვე ისედაც წლებია ვსაუბრობთ.

თუმცა, “მისი” არ არის ბანალური დოკუმენტური ფილმი Facebook-ით შეშფოთებული ძველი თაობის ფსიქოლოგებისა და სოციალური მედიის ექსპერტებზე.
ვფიქრობ, ეს ფილმი დაგარწმუნებთ, რომ რეალური ცხოვრება არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სოციალურ სივრცეში.

როცა ქარები ჩადგებიან, მე აღარ ვიქნები იქ, სადაც დამტოვე. ნახევრად მოსული გაზაფხული წაიღებს ზამთრის რუხ ფერებს და მეც მათ გავყვები. ჩვენ ვამბობთ, რომ არაფერი მთავრდება. აქ კი ქარები არასდროს ჩადგებიან, არც გაზაფხული წაიღებს ზამთრის რუხ ფერებს და მე ისევ აქ ვიქნები.
ეს ქალაქი ცარიელია. ერთ, პატარა საპნის ბუშტში ეტევა ყველაფერი, რომლის გახეთქვასაც არავინ ცდილობს, არც მზეებია სადმე.
როცა სხვა ქალაქებში გაზაფხულის სურნელი დადგება, ცა გადაიყრის ზამთრის ღრუბლებს და მზის სხივები მოედება სახლის ძველ კედლებს, რომლებიც ვერ მოაღწევენ ჩემი ოთახის ფანჯრებამდე.
აქ ისევ ზუზუნებენ ქარები, ღამით სიფხიზლე დასჩემდათ და ვეღარ ასწრებენ გამოძინებას. გამთენიისას კი ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს ნახევრად ჩაძინებულ ხეებს, ჩემს ეზოში.დღის ხმაური არავის აცდის სიმშვიდეს, თუმცა ეს ხმაურიც არაფრის მომასწავლებელი და ბუნდოვანია.
ისინი ვერ შეაშინებენ ქარებს, ვერ დააბრუნებენ მზეს. ყოველ ღამით, მთვარის ცივი შუქი გაანათებს ჩემს გამოუძინებელ ოთახს. მთვარის შუქი, რომელიც არ გამომყვება ყველგან.

ბოდვა

წერის დროს ძალიან ბევრი არ უნდა იფიქრო,არ უნდა ეძებო ალტერნატიული გზები საკუთარი აზრების,ფიქრებისა თუ გრძნობების გადმოსაცემად.როგორც კი ამას შეეცდები და წერას დაიწყებ,საბოლოოდ მხოლოდ უაზრო სიტყვების რახარუხი დაგხვდება,მერე კი ისიც კი დაგავიწყდება რისი თქმა გინდოდა.
ემოციები შესამჩნევად ხელოვნური ხდება,მკითხველი კი გრძნობს,რომ მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ მაღალფარდოვანი სიტყვებით,ზედმეტად გამართული წინადადებებით და ა.შ.

dream-art-drawing-illustration-Favim.com-728556ჰომ.
ეს ყვლაფერი რატომ დავწერე არც კი ვიცი.ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა,მაგრამ არაფერს ვიტყვი.თვეში ერთხელ თუ მოვაკითხავ აქაურობას და იმდენად ზარმაცი ვარ რომ წერაც კი მეზარება.ან ვის აინტერესებს მუდმივად გამოუძინებელი გოგოს ბოდვა.ჰომ,მერე რა…

გეგმები ყოველთვის მეშლება,ერთი თვის წინ პოზიტიურად განწყობილი პოსტიც კი დავწერე,მეგონა რომ ყველაფერი ისე იქნებოდა,როგორც მე მინდოდა.თუმცა არც კი ვიცი მართლა მინდოდა თუ არა,ან ახლა რა მინდა.

არა! ვიცი რაც მინდა.
ძილი,ძილი,ძილი… ძალიან ბევრი ძილი და მხოლოდ ძილი.მერე გავიღვიძებ და ალბათ ისევ დაძინება მომინდება.ზოგჯერ იმდენად ემოციური ვარ,რომ საკუთარი თავის მიკვირს.როგორც წესი,არ მეხერხება ემოციების გამოხატვა და ჰგონიათ,რომ არც ისე ძალიან მაღელვებს არსებული “რეალობა”.ჰო,ზოგჯერ მართლაც არ მაღელვებს,თავს ვაიძულებ რომ გრძნობები გავყინო,უაზროდ ვიცინო და მერე ტირილიც ვეღარ შევძლო.მერე კი ვცდილობ გამოფხიზლდე და ყველაფერი თავიდან იწყება.

ოთახში საგრძნობლად ცივა,უკვე თენდება და წასვლის დროა.

 

 

ყოველთვის დგება მომენტი,როდესაც გჭირდება გამოფხიზლება და რამდენიმე უკან გადადგმული ნაბიჯის ნაყოფიერად ანაზღაურება.ამ დროს თავს ძალა უნდა დაატანო და მიუხედავად ყველაფრისა,რაც შეიძლება მეტი სასარგებლო რამ გააკეთო საკუთარი თავისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ასეთი პერიოდი და მივხვდი,რომ აუცილებლად მჭირდებოდა რაღაც,რაზეც ყურადღებას გადავიტანდი და მაქსიმალურ მობილიზებას მოვახდენდი საკუთარ თავზე. d1bf070b0c5a867fa68b396ae1f8a410 მოკლედ,გარკვეული პრობლემების გამო,გადავწყვიტე 1წლით სწავლის შეჩერება და დავიწყე იმაზე ფიქრი,თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ამ დროის განმავლობაში.სამსახურის ძებნა უშედეგოდ დასრულდა,თუმცა ჯერ კიდევ არის რაღაც შანსები.პარალელურად დავიწყე გერმანული ენის შესწავლა,რაც ძალიან მსიამოვნებს და დროის ნაყოფიერად გაყვანაშიც მეხმარება.თუ არ ვიზარმაცებ,გერმანიაში 1 წლით წასვლის  შანსი მეძლევა,რაც უახლოეს 3 თვეში მოხერხდება.სწავლის პარალელურად ვიმუშავებ და ენასაც უკეთესად ვისწავლი.ძალიან გამიჭირდება რამდენიმე ადამიანის დატოვება,მაგრამ აუცილებლად უნდა ვცადო რაღაც ახალი.გარდა გარემოს შეცვლისა, ეს ყველაფერი დამოუკიდებლად თავის დამკვიდრების ერთგვარი საშუალებაა. იმედია ყველაფერი გამომივა და მალე გერმანიიდან შემოგთავაზებთ პოსტებს. წარმატებები მე ^^ http://www.youtube.com/watch?v=culK0zjXLng

ეს ქალაქი

Steppenwolf13ეს ქალაქი ყარს იაფასიანი სუნამოს სურნელით,რომელიც დიდხანს რჩება და გულს გირევს.

ეს ქალაქი ყარს გაუხრწნელი გვამებით,რომლებიც გზააბნეულნი დაეხეტებიან და გაიძულებენ მოწამლული ჰაერის სუნთქვას.

ეს ქალაქი ცარიელია,აქ არ იგრძნობა წელიწადის დროები-ზაფხულის მწველი მზე,ფერადი შემოდგომა.აქ ზამთარიც კი არ არის თეთრი,არც გაზაფხული ჩქარობს მოსვლას.

ამ ქალაქში გპარავენ ყველაფერს,გართმევენ სივრცეს,თავისუფლებას.დაუსრულებელ ლაბირინთს ჰგავს,რომელიც უკვე გაიცვითა,მაგრამ გასასვლელი კვლავაც არ ჩანს.

ხალხი თოკზე გაფენილ,გახუნებულ სარეცხს ჰგავს.ისინი ელოდებიან,თუ როდის ჩამოხსნის ვინმე,შემდეგ გააუთოებს,დაკეცავს და გარდერობში შეინახავს,ან სულაც დაჭმუჭნულს მიაგდებს სადმე. გაქცევას არ ცდილობენ,რადგან სწორედ მათ აამყრალეს აქაურობა.

მაგრამ,

სადაც არ უნდა გაიქცე,ამ სუნს ყველგან იგრძნობ.

და იქ,სხვაგან/სხვები დაგეშილი ძაღლებივით გყნოსავენ,ცდილობენ შეგისწავლონ,როგორც ახლად დახატული ნახატი,ან შეიძლება შენი თავიდან დახატვაც კი სცადონ.

ბრძოლა არსებობისთვის და არა სისოცხლისთვის.

ცხოვრება? ეს მხოლოდ ილუზიაა.

მარტოობა ერთად

“ჩვენ აქ მარტონი ვართ და ცოცხლებში აღარ ვწერივართ”

Henry Miller

black-and-white-dark-hurt-melancholy-Favim.com-596417

ჩვენ აქ მარტონი ვართ,ბოლო ნაფაზამდე დაცლილი სიგარეტის “ბიჩოკების” გარემოცვაში.მუსიკა გვიმძაფრებს ემოციებს.

ეს მაზოხიზმია.

დღესაც დაავიწყდათ გვამების ჩამოხსნა სარეცხის თოკიდან.

არაფერს ველით,არაფერი გვაქვს სათქმელი.

ჩვენ გვამების ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ,მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია სუნთქვა.ვეძებთ მყუდრო ადგილებს,ვითვლით სიგარეტის ღერებს და ღრმად ვისუნთქავთ ნიკოტინს,თითქოს მთელი სამყარო ჩაგვეყლაპოს.

დღეს ისევ აქ ვართ,გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად.

ჩვენი ქალაქი ლაბირინთს ჰგავს.გასასვლელისკენ მიმავალი ბილიკები გაიცვითა,ჩვენც ვიცვითებით.საკუთარი თავები გამოგონილ პერსონაჟებში გვერევა და წამიერად გავურბივართ რეალობას.

ჩვენ  სივრცე გვჭირდება.სივრცე უსასრულო და არაფრისმომტან დროზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ აქ მარტონი ვართ.

უკვე მერამდენედ მოვკალით სიკვდილი ჩვენში.

I can breathe underwater

 

 

ბარათი ბათუმში

#ახალიწიგნებიმაისში

დო'ს ბლოგი

1968 წელი ნაკიანი წელიწადია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს...

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ცივი ოქტომბერი

გათოშილი ხელები, ფოთლების სუნი და ლიმონიანი ჩაი

მოზაიკა /Mosaic

გორის სათემო რადიო

გვანცას კუთხე

ყველა ადამიანს თავისი კუთხე უნდა ჰქონდეს, დროდადრო სუნთქვა რომ შეიმსუბუქოს.

კატოს ბლოგი

კი, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი"-ს პირადი სივრცეა აქ :)

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

BIAFF Film Festival

BIAFF, films, Cinema, Film Festival, Batumi, Georgia

ნაძვი

...და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა. ეს არის სახლი. ეს ბედნიერებაა...

ხალხის გაზეთი

ხალხის გაზეთი ხალხის სამსახურში

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles... Even If She Feels Down...